მარკუს ავრელიუსის ფიქრები


“ყოველი შენი, ადამიანური სწრაფვა თუ მოქმედება ზოგადად სიკეთის დამკვიდრებას უნდა ისახავდეს მიზნად. ესაა ერთადერთი რამ, რაც ხორციელ სიცოცხლეში არ დაგეკარგება. კეთილშობილების ქმნისას გულში იფიქრე: თუ ამას ვიზავ, ბედნიერი იქნება ჩემი ცხოვრების გზა, რადგან შეუძლებელია ბედნიერი არ იყოს მოქალაქე, რომელიც მთელი სიცოცხლე თანამოქალაქეთა სასიკეთოდ იღწვის და რომელიც სიხარულით იღებს ყველაფერს, რასაც მშობლიური ქალაქი არგუნებს წილად.”

“თუ შენ ფიქრობ, რომ ღირსი ხარ ისეთი სახელებისა, როგორიცაა კეთილი, თავმდაბალი, წრფელი, გონიერი, თვინიერი, დიდსულოვანი, მაშინ ეცადე არასდროს გახდე მათი უღირსი. ხოლო თუ შენ დაკარგავ ამ სახელებს, მოიქეცი ისე, რომ უცბად დაიბრუნო ისინი. ნუ დაივიწყებ, რომ გონიერება შენთვის ნიშნავს ყოველი საგნის გულდასმით განხილვას; თვინიერება – უდრტვინველად მიღებას მისას, რასაც ბუნება გარგუნებს; დიდსულოვნება კი – შენი მმართველია პატივმოყვარეობისა და სიხარბის წინ. ამრიგად თუ შენ თავს ცნობ ამ სახელთა ნამდვილ “პატრონად”, მაშინ იამაყებ, რადგან შეძელი საკუთარი პიროვნების პოვნა.”

“თუ შენ დილით ადრე ადგომა გეზარება, მაშინ ასე შეაგონე შენ თავს: მე ვდგები, რათა ჩემი კაცური საქმე აღვასრულო. მაშ რატომღა ვნებივრობ საწოლში? ნუთუ ჩემი დანიშნულება თბილ ზეწრებში ნებივრობაა მხოლოდ? – მაგრამ ეს უფრო სასიამოვნოა! – მაშ შენ სიამოვნებისთვის და განცხომისთვის ხარ შექმნილი… მაშ შენ უმოქმედობისა და არა მოქმედებისთვის მოხველ ამქვეყნად. ეს კი დამღუპველია, ჭიანჭველებიც კი იხდიან თავის ვალს და სამყაროს სრულყოფენ მშვენებით, შენ კი ასეთ დროს ნებივრობ და ვერც კი უახლოვდები ჰუმანურ ნორმებს, ეს კი იმიტომ რომ, უბრალოდ არაფრად მიგაჩნია შენივე თავი.”

“ჩვენ ყველანი ერთი საერთო მიზნის ხორცშესხმას ვემსახურებით; ერთნი – ცოდნითა და მიზნის შეცნობით, მეორენი – მის შეუცნობლად.” – მან უკვე იცოდა რომელ მიზანს ემსახურა მთელი ცხოვრება. იმპერატორი სიკვდილის წინ ბედნიერი იყო იმით, რომ მისი ჰუმანური კანონები ოდნავ მაინც უმსუბუქებდნენ მძიმე ხვედრს ჩაგრულებსა და მიუსაფრებს. ასეთ წუთებში ავრელიუსი ფიქრობდა და მღელვარედ ნატრულობდა რომში ტრიუმფით შესვლას, თავისი თამოქალაქეების სიხარულით გაბრწყინებულ თვალებს და ამ მზერაში ამოკითხულ სიტყვებს, რომ ბედნიერები არიან, რადგან მათი სამშობლო უკვე თავისუფალია.

“ფიქრები”, მარკუს ავრელიუსი

კომენტარის დამატება:

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s